Tuesday, January 27, 2026

განათლების ციფრული ტრანსფორმაცია


თანამედროვე ტექნოლოგიები ცვლიან სწავლების ტრადიციულ მეთოდებს. დღეს მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, ერთი შეხებით გასცდეს საკლასო ოთახის კედლებს, დაამუშაოს დიდი მოცულობის ვიზუალური ინფორმაცია და სამყარო ინოვაციური ხედვით აღიქვას.

ავტორი: ალიფაშა გაჯიევი

 

დღეს ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებით. სტატიის სათაურია: „განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“.

 მესამე სასწავლო წელია, სკოლა პირველკლასელებს მათთვის განკუთვნილი საკმაოდ ძვირად ღირებული და მნიშვნელოვანი საჩუქრით ეგებება – ბუკებით ხელდამშვენებული პატარების ნახვა ერთ რამედ ღირს. ბავშვებისთვის ამ საჩუქარს, უპირველესად, სიხარული, მშობლებისთვის კი პასუხისმგებლობა მოაქვს. რაც შეეხება მასწავლებლებს, ჩემი დაკვირვებით, მრავალი მათგანისთვის ბუკი ზედმეტი თავის ტკივილია. თუმცაღა მასწავლებელთა უკმაყოფილებას ობიექტური მიზეზებიც აქვს (მათ ჩამოთვლას აქ არ შევუდგები), მაინც ყველა ვთანხმდებით, რომ თანამედროვე სასწავლო პროცესი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია.

მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის ტენდენციები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის წარმატება დღეისთვის იმაზეა დამოკიდებული, – და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული სამომავლოდ, – როგორი წარმატებით მოხდება საგანმანათლებლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის გაფართოება. ტექნოლოგიებმა დიდი ხანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში შემოაბიჯა და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა, კოსმოსური სიჩქარითაც ვითარდება და ლამის ყოველდღიურად გასაოცარი სიახლეების მოწმენი ვხდებით. ვფიქრობ, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, როგორ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ თუნდაც 20 წლის შემდეგ, უფრო შორეულ მომავალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

როგორც ერთ-ერთ სტატიაში უკვე აღვნიშნე, რამდენიმე წელია, პირველკლასელებს ვასწავლი, ასე რომ, საშუალება მქონდა, მათ მიერ ბუკების ათვისების პროცესს დავკვირვებოდი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მათი უნარები ამ მხრივ განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას, გასაოცარიც კი. კომპიუტერთან ურთიერთობას შესანიშნავად ახერხებენ არა მარტო ნიჭიერი ბავშვები, არამედ ნორმალური და სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც. მშობლებთან გასაუბრებით ადვილად გაარკვევთ, რომ კომპიუტერები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც ანდამატივით იზიდავს. საახალწლოდ ლაპლანდიელი სანტასა თუ ქართველი თოვლის ბაბუასთვის გაგზავნილ წერილებს თვალს თუ გადაავლებთ, გაიგებთ, რას სთხოვენ ჩვენი ბავშვები მათ საჩუქრად. გამოიცანით, არა? აიპადს, ლეპტოპს, კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს… თუ ოჯახში მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ბავშვები 3-4 წლიდან აქტიურად იწყებენ მათით სარგებლობაზე თავიანთი “უფლებების” დაკანონებას.

ავტორი: ალიფაშა გაჯიევი

საინტერესოა (ზოგჯერ სახალისოც), რომ ბავშვებმა ზუსტად იციან, რისთვის სჭირდებათ კომპიუტერი – საყვარელი კომპიუტერული თამაშებისთვის, სოციალურ ქსელებში გასართობად, ვირტუალური ცხოველებისა და მცენარეების მოსავლელად… მათი მიხვედრილობა და გონებამახვილობა ამ კუთხით მართლაც გასაოცარია. ისინი მყისიერად უღებენ ალღოს ნებისმიერ თამაშს, არასოდეს სჯერდებიან მიღწეულს, ეძებენ სიახლეებს, ირჩევენ რთულ გზებს. მათთვის თამაში მით უფრო მიმზიდველია, რაც უფრო მეტად მოითხოვს ფიქრს, განსჯას, შემოქმედებით მიდგომას. განსაკუთრებით თანატოლებისთვის აზრის გაზიარება, მათთან თანამშრომლობა მოსწონთ.

თითქმის საპირისპირო ვითარებაა წიგნთან ურთიერთობისას – მოსწავლეებს ის მაინცდამაინც არც თავიდან იზიდავს, სირთულეების წარმოშობისას კი ყველასათვის ნაცნობი “ბატალიები” იწყება.

როგორც განათლების უცხოელი მკვლევრები ამტკიცებენ, ბავშვების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში და სკოლის მიღმა ძალზე არათანაბარია როგორც დათმობილი დროის, ისე შესრულებულ აქტივობათა მრავალფეროვნების მიხედვითაც და ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჩვენთანაც ანალოგიური მდგომარეობაა.

სტატიის დასკვნით ნაწილში ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილ ერთ საინტერესო, თამამ და ინოვაციურ პროექტზე მოგითხრობთ, რომელსაც ავტორებმა “Bring Your Own Technology” (BYIOT) უწოდეს. ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: “მოიტანე საკუთარი ტექნოლოგია”. 

ავტორი: ალი გუსეინოვი

BYIOT-ი მილფორდის ჰაი-სქულში რამდენიმე თანამოაზრემ შექმნა. პროგრამა თავდაპირველად პილოტირების სახით აამოქმედეს რამდენიმე კლასში. პროექტის დასაწყისშივე გამართლდა მთავარი მოლოდინი – მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ მნიშვნელოვან სასკოლო ცვლილებას. ინიციატივის ავტორებს დიდი მეთოდოლოგიური სამუშაოს ჩატარება მოუხდათ. პროგრამაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული, სახელდობრ რომელი კომპიუტერული საშუალებების მიტანის უფლება ჰქონდათ მოსწავლეებს. სკოლას შინაგანაწესის იმ მუხლის შესწორებაც მოუხდა, რომელიც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების, აიპადებისა და ამგვარი ტექნიკის გამოყენებას კრძალავდა. მოწყობილობებში ჩატვირთეს სპეციალური პროგრამები. პროექტის ავტორები არ უარყოფენ, რომ მათი ინიციატივა უთანასწორობის ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ის რეალური სასწავლო ღირებულებაა, რომელიც აქვს მათ მეთოდს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ქვემოთ სწორედ პროექტის ავტორთა არგუმენტებს წარმოგიდგენთ:

● მეთოდი სავსებით ცვლის მოსწავლეების წარმოდგენას საკუთარ მოწყობილობებზე. ბავშვები აცნობიერებენ, რომ ისინი მხოლოდ გასართობი კი არა, არამედ სასწავლო ხელსაწყოებიცაა და ამ მიმართულებით მათი ღირებულება მუდმივად გაიზრდება.

● BYIOT-ის სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია, მაგრამ მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იგი ზუსტად ეთანადება კონკრეტულ სასწავლო აქტივობას და მოსალოდნელი შედეგიც კარგადაა გამოკვეთილი.

● BYIOT-ის ინიციატივას რეალურად შეუძლია სრულყოს სკოლის ტექნოლოგიური ბაზა და გაზარდოს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. კლასში ხშირად არ არის ხოლმე საკმარისი კომპიუტერები. ამ დროს BYIOT-ის დახმარებით შესაძლებელია დამატებით რამდენიმე მოსწავლის აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში.

● ბევრი მოსწავლე ამ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს სკოლის გარეთ, უმეტესად – არასასწავლო მიზნით. პროექტის ავტორებს მართებულად მიაჩნიათ მათი სასწავლო მიზნებზე მორგება და საგანმანათლებლო პროცესში გამოყენება.

დასასრულ, დავასახელებთ რამდენიმე პრობლემურ გარემოებას, რომლებზეც მკვლევრები ამახვილებენ ყურადღებას – მასწავლებლების მომზადება, სპეციალური ლიტერატურით მათი მომარაგება, მოსწავლეების შესაძლო სურვილი, თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ საკუთარი ტექნოლოგიები. ისინი მზად არიან, გაიზიარონ კომპეტენტური რჩევები და შენიშვნები BYIOT-ის დასახვეწად, მაგრამ პრინციპულად არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მეთოდი სასკოლო ცხოვრებაში ზედმეტი ან გამოუსადეგარია, ანდა სოციალური სამართლიანობის პრინციპის გამო მიუღებელი.

ავტორი: მუჰამედ ვალიევი

წყარო

ბლოგის წევრებთან ერთად შევქმენით პროექტის გეგმის შაბლონი

Monday, December 29, 2025

ხელოვნური ინტელექტი და განათლების მომავალი საქართველოში



ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს განათლების სისტემაში და ცვლის ცოდნის მიღების ტრადიციულ მიდგომებს. ციფრული ტექნოლოგიები სწავლას ხდის უფრო პერსონალიზებულს, ხელმისაწვდომსა და შედეგზე ორიენტირებულს.
საქართველოს განათლებაში AI შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი  დაეხმაროს მოსწავლეებს ინდივიდუალური ტემპით სწავლაში, მასწავლებლებს კი სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში. ცოდნა, ტექნოლოგია და კულტურა ერთიანდება, რათა ჩამოყალიბდეს განათლების ახალი მოდელი, რომელიც მომავალ თაობებს გლობალურ სამყაროსთან კონკურენტუნარიანს გახდის.

 

ავტორი: მუჰამედ ვალიევი

ტექნოლოგიები, რომლებიც აერთიანებს განათლებას და მომავალს


თანამედროვე განათლება უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ წიგნებითა და დაფით. ტექნოლოგიები ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთიან ციფრულ სივრცეში თანამშრომლობენ, აზიარებენ იდეებს და ერთად პოულობენ ახალ ცოდნას.
ინტერაქტიული პლატფორმები, მონაცემთა ანალიზი და ციფრული ხელსაწყოები სწავლას უფრო ხელმისაწვდომს, მოქნილს და ეფექტურს ხდის. ასეთ გარემოში განათლება ხდება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბება უნარები, რომლებიც მომავალს ქმნის.
 

ავტორი: ალი გუსეინოვი